„საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაციები არჩევნებთან დაკავშირებით და უნდა გააგრძელოს რეფორმები დემოკრატიის განსამტკიცებლად,“ - ეს განცხადება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები დემოკრატიის ბირთვია და დემოკრატია ის აუცილებელი მოთხოვნაა, რომლის გარეშეც ნატო-ს კარი არავისთვის გაიხსნება.
იენს სტოლტენბეგი დემოკრატიის განსავითარებლად ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს.
„ალიანსი არ აფასებს არჩევნების შედეგებს, არც იმას თუ როგორ ჩატარდა. ეს ეუთოს საქმეა, მაგრამ ვითვალისწინებთ, რასაც ისინი ამბობენ. მათ შეფასებაში ხაზგასმულია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია, რადგან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაონ და შეეცადონ გადალახონ უთანხმოებები, ვინაიდან საჭიროა, ორივე მხარემ დემოკრატიის ფუნქციონირება კარგი გახადოს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა თავისუფალ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაბარება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.
„მთავრობის შეცვლა ნებისმიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. დემოკრატიის და არჩევნების ჩატარების მთავარი არსი ისაა, რომ ხალხი წყვეტს, ვინ იქნება მთავრობაში. ხალხს ასევე აქვს უფლება, მთავრობა შეცვალოს. მშვიდობიან გადაბარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ნატო ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, პიროვნების თავისუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს ეუთო-ს რეკომენდაციები. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის პასუხისმგებლობაა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს აუცილებელი რეფორმების გატარებაში,“ - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
იენს სტოლტენბერგი ქვეყანას დღეს დატოვებს. ორ დღეში კი საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები ჩამოვლენ. 50-მდე გენერალი და ადმირალი ქვეყანაში მიმდინარე მრავალეროვნულ წვრთნებს დაესწრებიან.