ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ ბიძინა ივანიშვილის გვერდით - ამ განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, შექმნილ ვითარებაში დგას თუ არა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მის გვერდით.
კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის ლიდერია, შესაბამისად პარტიის ყველა წევრი მისი ლიდერის გვერდით უნდა იყოს.
„ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ ბიძინა ივანიშვილის გვერდით, იმიტომ რომ ის არის პარტიის ლიდერი. აქ არის ძალიან მარტივად ყველაფერი და სხვა ალტერნატივა ბუნებრივია ამას არ აქვს. როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია, გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად. ეს არის რეალური სურათი და ამას ბუნებრივია, შეტრიალება არ სჭირდება და არასწორია ამ სურათის შეტრიალება, იმიტომ რომ რეალური სურათი არის ის, რომ გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერის გვერდით, იმიტომ რომ ის არის ლიდერი გუნდში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.