19 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
გაყალბებული დანაშაულის სტატისტიკა - ოპოზიცია პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს

გიორგი გახარიას ყველა წინამორბედი დანაშაულის სტატისტიკას აყალბებდა - ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მონაცემები ადასტურებს.

შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, დღეს დაადასტურა, რომ გახარიას მოსვლამდე დანაშაული სრულყოფილად არ აღირიცხებოდა.

აყალბებდნენ თუ არა ყოფილი მინისტრები მონაცემებს, ამ კითხვაზე გახარიას მოადგილეს პირდაპირი პასუხი აღარ გაუცია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირიბად დაადასტურა ის, რაზეც ოპოზიცია წლებია, საუბრობს, რომ რეალობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ეს ციფრებში გამოიხატება.

ოპოზიცია ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილს, მოგვიანებით კი, ალექსანდრე ჭიკაიძეს და გიორგი მღებრიშვილს ადანაშაულებდა სურათის შელამაზებაში.

ოპოზიციის თქმით, მინისტრები სამართალდამცავებს აიძულებდნენ, დანაშაული არ დაერეგისტრირებინა, რათა სტატისტიკა დრამატული არ ყოფილიყო.

დღეს ოპოზიცია ყველა მინისტრისა და იმ მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს, ვინ საზოგადოებას სიმართლეს უმალავდა.

სპეციალისტების თქმით, სტატისტიკის გაყალბებით მაშინდელმა მინისტრებმა უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, რითაც კრიმინალის ზრდას შეუწყეს ხელი.

ყოფილი მინისტრების დანაშაულს ვერ ხედავს უმრავლესობა. მმართველ გუნდის მტკიცებით, სტატისტიკა მხოლოდ მეთოდოლოგიის გამო იყო არაზუსტი და მინისტრებს არაფერი გაუყალბებიათ.

ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის 5 წლისთავზეც კი კრიმინალის აღრიცხვა არასწორად ხდებოდა, დაადასტურა პრემიერ-მინისტრმაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს დანაშაულის საერთო რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 20 ათასით გაიზარდა და 53 637 შეადგინა. 123 პროცენტით გაიზარდა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტები.

დღის ამბები