იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგი ეკა ბესელია 2016 წელს საარჩევნო სიაში ყოფილიყო - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის მაშინდელ ხელმძღვანელს, გიორგი კვირიკაშვილს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო. მდინარაძის მტკიცებით, ეს საკითხი ერთ-ერთი პუნქტი იყო იმ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც მან გუშინ შემთხვევით ეკა ბესელიას გაუგზავნა.
"აბსოლუტური სიმართლეა თითოეული პუნქტი და თითოეულ პუნქტს ვეთანხმები. გარდა ამისა იყო სხვა კონკრეტული ინფორმაციებიც, მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ იქ იყო ინფორმაცია ერთ-ერთ პუნქტად იმის შესახებ რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი ურჩევდა მაშინდელ პარტიის ხელმძღვანელს, რომ ეკა ბესელია საერთოდ არ მოხვედრილიყო სიაში,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ. "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ამ ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს. კალაძის თქმით, პარტიაში მიმდინარე პროცესები საჯარო არ უნდა იყოს.
"გუნდის შიგნით რაზეც ხდება ხოლმე საუბარი, ეს არის გუნდის შიგნით მიმდინარე მოვლენები. ჩვენ მოსახლეობამ აგვირჩია იმისთვის და გვაქვს მხარდაჭერა იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი. გულწრფელად გეუბნებით, ნამდვილად არ არის საინტერესო და მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ვინ ვის რა მისწერა,"-აცხადებს კახა კალაძე.