„ჩვენი მიზანია, დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური მშვიდობის მიღწევისთვის საერთაშორისო პარტნიორობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელება," - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-საქარველოს სწავლებისა და შეფასების ცენტრში სტუმრობისას გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილმა ნატო-საქართველო 2019 წლის სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოს მიერ არჩეულ კურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა "მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში".
„ნატო-საქართველოს წლევანდელ სწავლებაში საქართველო უკვე ხელმძღვანელი ქვეყანაა. ეს თავისთავად ნიშანდობლივია. ეს სტატუსი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად განვავითარეთ ჩვენი შესაძლებლობები რიგით მეორე სწავლებისთვის და რამდენად გაიზარდა სტრატეგიული პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა საქართველსო მიმართ. სწორედ ჩვენს მონდომებაზეა პასუხი ასეთი აღიარება, მინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს.
"აღსანიშნავია, რომ წინა სწავლებისგან განსხვავებით წელს მონაწილე სახელმწიფოების რიცხვი 10-დან გაიზარდა და უკვე 24 ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული ამ მნიშვნელოვან ფორმატში. სწორედ ასეთი ნაბიჯებით მიიღწევა ჩვენი საერთო მიზანი მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში.
"მინდა ხაზგასმით ვთქვა, ნატო-ს გენერალურ მდივნისგან, სამხედრო ხელმძღვანელობისგან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ვისმენდი საუკეთესო შეფასებებს ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მთავარსარდლისთვის ძალიან საამაყო იყო,“-განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა ის ვიზიტი, რომელიც ალიანსმა ურყევი მხარდაჭერის ხაზგასასმელად საქართველოში განახორციელა და რომელიც სამომავლოდაა დაგეგმილი.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აფართოებს ნატოსთან თანამშრომლობის სპექტრს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საერთო საზრუნავს წარმოადგენს შავი ზღვის უსაფრთხობა და ამ მიმართულებით ურთიერთობები კიდევ უფრო ფართოვდება.
პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ავღანეთის მისიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისიის მონაწილე ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება საამაყოა. მისი თქმით, საქართველოს წვლილს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ქვეყნის პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ.
„ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენს მიმართ არ არის გამართლებული. საქართველო თავისუფალი სუვერენული ქვეყანაა და ის თავისუფლად აკეთებს თავის არჩევანს და ირჩევს მოკავშირეებს.
"ჩვენი ეს არჩევანი არამხოლოდ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას, არამედ განამტკიცებს რეგიონში სტაბილურობას და საფუძველს უდებს ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას, ეს არის ერთადერთი სწორი და მომავალზე ორიენტირებული არჩევანი. ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენს არჩეულ გზას მეტი ნატო საქართველოში მეტი საქართველო ნატოში,“- განაცხადა პრეზიდენტმა.