გაფიცულ სოციალურ მუშაკებს „ქართული ოცნების" ყოფილი თანაგუნდელები სოლიდარობას უცხადებენ. საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატები სოცმუშაკებთან დაკავშირებულ პრობლემებს, დავით სერგეენკოს სისტემურ ჩავარდნად აფასებენ. ამ წუთებში გაფიცული სოციალური მუშაკები ჯანდაცვის მინისტრს ხვდებიან. დეპუტატები იმედოვნებენ რომ ეს შეხვედრა წარმატებით ჩაივლის და ის მოთხოვნები, რომელიც სოცმუშაკებს აქვთ, დაკმაყოფილდება.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს დიალოგი არ დასრულდება ისე,როგორც მედიაციის პროცესი დასრულდა, უშედეგოდ. გამომდინარე იქიდან რომ თუ სოციალური მუშაკების სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ეს დააზარალებს არა მხოლოდ მათ და მათ სამუშაო მდგომარეობას, არამედ იმ ოჯახებსაც, რომელ ოჯახებზეც მათ უწევთ ზრუნვა,“-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
სოცმუშაკებისა და დავით სერგეენკოს შეხვედრის დასრულებას ელოდება ლევან გოგიჩაიშვილიც. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეს შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა, საქმეში პარლამენტი უნდა ჩაერიოს. დეპუტატები მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში იბარებენ.
„თუ დღეს არ დამთავრდება წარმატებულად ეს დიალოგი, ეს არის საქართველოს პარლამენტი და ეს არის საშუალება სადაც ცივილიზებული გზით, პოლიტიკური გზით შეგვიძლია ჩვენ საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ამოცანა, კონკრეტული გეგმა. შეთანხმებული გეგმა ისე, რომ ამ ადამიანების ინტერესი უნდა იყოს პირველ რიგში გათვალისწინებული და შემდგომ განხორციელების გზები და ვადები,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით სოციალური მუშაკები 4 დღეა გაფიცულები არიან.