მმართველი გუნდი დღეს ეკა ბესელიას მიმართ თავშეკავებული იყო. საუბარია, ბესელიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელებს "კოლექტიურ ტერორისტებად" მოიხსენიებს. "ქართული ოცნების" წევრები არ აპირებენ ჩაერთონ პოლიტიკურ პოლემიკაში, რადგან მათი თქმით, კადრების გავრცელების მსგავსად უღირსი საქციელია, სხვას დააბრალო ყველაფერი. ამ განცხადებების გამო ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებენ უმრავლესობის ყოფილი წევრები. ისინი პარლამენტში არსებული გენდერული საბჭოს უმოქმედობაზეც საუბრობენ.
ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ის სოლიდარულია ყველას მიმართ ვისი პირადი ცხოვრების შელახვაც მოხდა თუმცა ამბობს, რომ უსიამოვნოა ის პროცესი, რომელიც ამ კადრებთან დაკავშირებით მის თანაგუნდელებსა და გუნდის ყოფილ წევრებს შორის ხდება.
„მართლაც არ მსიამოვნებს ის პროცესი როდესაც ხდება ყოფილ გუნდის წევრებსა და ჩემს კოლეგებს შორის ასეთი საჯარო დაპირისპირება განსაკუთრებით იმ თემებზე, სადაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით. ფარული ჩანაწერები ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის ვფიქრობ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის უმსგავსო, ძალიან მძიმე საქციელი, რომელიც ისჯება კანონით. ამიტომ კიდევ ერთხელ სოლიდარული ვარ მათ მიმართ ვისი პირადი ცხოვრების შელახვაც ხდება და ასევე უმკაცრესი ვარ და მოვითხოვ ყველა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რომ მათ ჰქონდეთ ძალიან მკაცრი და ადეკვატური რეაქცია,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
რატო იონათამიშვილი კი გამოსავალს საკითხის იგნორირებაში ხედავს. დეპუტატი აცხადებს, რომ საკითხი მანამდე იქნება აქტუალური სანამ მასზე ილაპარაკებენ ამიტომ ის უნდა დაიხუროს.
„უზნეობად მიმაჩნია როგორც მისი გავრცელება, ასევე მისი ყურება, ასევე ამაზე მსჯელობა. ვისაც სურს მსგავსი კადრების გავრცელება ის ყოველთვის ორიენტირებულია და ყოველთვის მიზანი მისი არის ის, რომ არა მაინც და მაინც რომ ყველამ ნახოს, არამედ ყველამ ისაუბროს. და ჩვენ ნებით თუ უნებლიეთ ხელს ვუწყობთ მათ როდესაც საუბრობთ ამ საკითხებზე და უნდა დავხუროთ ეს საკითხი. იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ თქვა, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს არც მისი ყურება, არც მისი გავრცელება და არც მასზე საუბარი,“-განაცხადა რატო იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ცოტა ხნის წინ ვიდეო პორტალ youtube-ზე გავრცელდა. სამართალდამცავებმა კადრების გავრცელებისთვის 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. პარალელურად, ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელები კოლექტიურ მორალურ ტერორში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კადრების გამოჩენისთანავე საკუთარი განცხადებებით ისინი არანაკლებ ზიანს აყენებენ მას.