სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართ ოპოზიციის შეფასებებს უსაფუძვლოს უწოდებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ სამწუხაროა, როცა ოპოზიცია აკრიტიკებს სუს-ის მუშაობას მაშინ, როცა უწყება ძალიან ეფექტურად მუშაობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებს და აცხადებს, რომ ანგარიშის საიდუმლო ნაწილი განხილვა დახურულ შეხვედრებზე გაიმართება.
„უსაფუძვლო შეფასებები ახასიათებს ჩვენს ოპოზიციას და ეს სამწუხაროა, როცა ესე მარტივად ერთი სიტყვით ხდება ამ უწყების საქმიანობის შეფასება, როცა ჩვენ სახეზე გვაქვს ამ უწყების ეფექტური საქმიანობა. სუს-ის ძირითადი ნაწილი საიდუმლო ოპერატიულ საქმიანობას შეეხება ამიტომ ჩვენ ანგარიშის არამხოლოდ საჯარო ნაწილს განვიხილავთ, არამედ გვექნება შესაძლებლობა როგორც ნდობის ჯგუფის ფარგლებში, ისე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში დახურულ რეჯიმში გავეცნოთ ყველა იმ ღონისძიებებს, რომელიც სუს-მა გაატარა. საინტერესოა თუ რა სახის პროპაგანდა ვრცელდებოდა მიზანმიმართულად რა იყო დარტყმის ობიექტი და შესაბამისად რა ღონისძიებები გატარდა,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ საქართველოსთვის მართლაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჰიბრიდული ომი. სოფიო კილაძის თქმით, პარლამენტში შექმნილი ჯგუფი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დასავლელ პარტნიორებთან ერთად ცდილობენ ამ საფრთხეს გაუმკლავდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში წერია, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.
ანგარიშში წერია, რომ „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება.