ეკა ბესელია გვარებს ასახელებს - ეკა ბესელიამ ყოფილი თანაპარტიელები კოლექტიური ტერორისტებად საჯარო განცხადებაში მოიხსენია და პირველ სამეულში დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი და სოფო კილაძე შეიყვანა. „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი უკვე ღიად ამბობს, რომ ყოველი მისი მწვავე გამოსვლა და ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების დროში ხელახალ გავრცელებას შემთხვევით არ ემთხვევა. ეკა ბესელია მორალური ტერორის უკან პოლიტიკური მოტივს ხედავს.
კოლექტიურ ტერორიზმში ბრალდებულებმა ყოფილ თანაგუნდელის ბრალდებებს სამარცხვინო და ამაზრზენი უწოდეს. გზავნილი კობახიძე-მდინარაძის ჯგუფს დღესაც ერთი ჰქონდათ, რომ ეკა ბესელიასთან დისკუსიაში შესვლას არ აპირებენ. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ამ საქმესაც პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების პასუხები კიდევ ერთი დასტურია ე.წ. განდგომილი დეპუტატებისთვის, რომ ეკა ბესელიას მორალური ტერორის უკან სწორედ პოლიტიკური ინტერესი დგას. ქალი დეპუტატის მიმართ ამორალური მეთოდებით ბრძოლის გამო დღეს რეაგირება ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და მის ხელმძღვანელს, თამარ ჩუგოშვილს მოსთხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გოგიჩაიშვილსგან შენიშვნა არ მიიღო და მას მიზოგენი ანუ ქალთმოძულე უწოდა. დაპირისპირებაზე კი, რომელიც ყოფილ თანაგუნდელებს შორის ამ კვირაში ხელახლა გამწვავდა, ჩუგოშვილმა თქვა, რომ ჩარევას არ აპირებს.
არასამთავრობო სექტორმა და სახალხო დამცველმა ხელისუფლებას საგანგებოდ მიმართეს და დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების დამკვეთის გამოვლენა მოსთხოვეს.
ეკა ბესელიამ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დამკვეთის ვინაობის გამოსავლენად საგამოძიებო უწყებებს ერთთვიანი ვადა მისცა.