19 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
„რაც ვთქვი ბესელიაზე, ეს იცის სრულიად საქართველომ" - ზარდიაშვილი 

ბესელიას ხელებზე ფულის სუნი ასდის - ამ სიტყვების ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, განმარტების გაკეთებისგან თავს იკავებს. 

"კურიერის" კითხვაზე რა იგულისხმა ზარდიაშვილმა, როცა ოპონენტის მიმართ ეს განცხადება გააკეთა, ზარდიაშვილი ამბობს, რომ მან უკვე ყველაფერი თქვა და რაც მან იცის იცის საზოგადოებამაც.

„მე რაც ვთქვი ეკა ბესელიაზე ეს ვიცი მე, ეს იცის სრულიად საქართველომ, შესაბამისად ამასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებების გაკეთებას აღარ ვაპირებ,"-განაცხადა ზარდიაშვილმა.

კითხვას, თუკი არსებობს ფაქტები, რომ ეკა ბესელია ქრთამს იღებდა, რატომ არ ინტერესდება ამით გამოძიება, ზარდიაშვილი უპასუხოდ ტოვებს. მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, ეკა ბესელიას მისამართით განცხადებებს აღარ გააკეთებს, რადგან პროცესები სცდება საქმიან გარემოს და ჭორაობაში გადადის.

ზარდიაშვილის განცხადებით,  ბესელიას ერთადერთი მიზანი აქვს, მას სურს პოლიტიკურ პროცესებში "იტივტივოს".

"ჩვენ ვუყურებთ ბოლო ორი კვირაა პროცესებს, როდესაც ეკამ თქვა, ვანომ უპასუხა, რეალურად საქმიანი გარემო გადავიდა ჭორაობაზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებას ამისთვის დრო არ აქვს. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო ამ პროცესის ყურებისათვის. შესაბამისად ეკა ბესელიას განცხადებებზე მე აღარ ვაპირებ განცხადების გაკეთებას. არ მგონია გაურკვევლად ვსაუბრობდე. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს შედის ქალბატონ ეკას დღის წესრიგში, რომ იგი არა საქმეზე იყოს ორიენტირებული არამედ პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს, შესაბამისად, მე მასზე განცხადებების გაკეთებაც აღარ ვაპირებ,“-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

დღის ამბები