მიხეილ სააკაშვილის მეორე ლექცია ნიდერლანდების პრესტიჟულ უნივერსიტეტში - მაასტრიხტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის საუბრის თემა პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოს მიტაცება იყო.
მიხეილ სააკაშვილი ორ საათზე მეტხანს საუბრობდა ოლიგარქიის პრობლემაზე, რომელიც მისი აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტებს ანადგურებს.
შეხვედრის მთავარი თემა პოსტ საბჭოთა სივრცეში სახელმწიფოს მიტაცება იყო. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ილაპარაკა ოლიგარქიის პრობლემაზე და პარალელები გაავლო უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის.
მისი განცხადებით, სამივე ქვეყანაში ხელისუფლება ოლიგარქების ხელშია, რომლებიც ფინანსურად რუსეთთან არიან დაკავშირებული. შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლაში ხელისუფლების შეცვლის გზებზეც ისაუბრა.
„ოლიგარქები დასცინიან სასამართლო სისტემას, კანონის იდეას. პროკურატურა გახდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი. სისხლის სამართლის საქმეები შანტაჟის საშუალებად იქცა. ჩვენ გვაქვს არაფორმალური ძალაუფლების ცენტრები. არავინაა ანგარიშვალდებული. ოლიგარქები ფლობენ ყველაფერს და საოცრად ცინიკურები არიან საკუთარი ხალხის მიმართ. რუსეთმა დასაჯა საქართველო წარმატებისთვის,“ - განცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეკითხვები შეეხებოდა რუსეთს, საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და გახმაურებულ საქმეებს, რომელიც გამოძიებული არ არის.
მიხეილ სააკაშვილის ლექციაზე საპატიო სტუმრის რანგში მიწვეული იყო მაასტრიხტის მერი. შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიტაცების თემა აქტუალურია, ამიტომ ევროპამ უფრო მეტი ყურადღება უნდა მოაქციოს იმ რეგიონს, სადაც რუსული გავლენა ძლიერდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს კიდევ აქვს დაგეგმილი შეხვედრა, ამჯერად ქართველ ემიგრანტებთან, რომელიც გერმანიის ქალაქ კიოლნში 12 მაისს გაიმართება.