სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომელშიც საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება, ოპოზიცია ეხმაურება.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უპასუხისმგებლო და არაადექვატური განცხადებების ნაცვლად უნდა გააცნობიეროს, რა დიდ ზიანს უქმნის საქართველოს ის შეფასება, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია წარმოდგენილი.
"ზოგადად არასამთავრობო სექტორის კრიტიკა დამახასიათებელია, ტოტალიტარული რეჟიმებისთვის. შავი ხვრელი, რომელიც უკავშირდება ორგანიზებულ დანაშაულს, ფულის გათეთრებას, ნარკოდანაშაულს, სატრანსპორტო დერეფანს ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის. რეალურად არის მნიშვნელოვანი იმიჯის დამაზიანებელი საქართველოსთვის როგორც უსაფრთხო ქვეყნისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. სიმართლე გითხრათ არ მიკვირს, რომ საქართველო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ამ მიმართულებით. საქართველოს, როგორც ორგანიზებულ დანაშაულისთვის სატრანსპორტო ტრანსნაციონალური დანაშაულის დერეფნად გადაქცევა არის სერიოზული და ფუნდამენტური პრობლემა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ამიტომ ამ პრობლემას სჭირდება გადაჭრა და არა უპასუხისმგებლო და არაადეკვატური განცხადებები,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ანგარიშში საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება.
"არსებობს მცირე მყარი მტკიცებულება, ვივარაუდოთ, რომ უკანონო ნარკოტიკებიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი მოცულობა თეთრდება ოფიციალური ფინანსური სისტემის გავლით. თუმცა, ვინაიდან საქართველო მდებარეობს ტრეფიკინგის მნიშვნელოვან და კარგად ჩამოყალიბებულ დერეფანში, ნაღდი ფულის კონტრაბანდისა და ფულის გათეთრების ალბათობა მაღალია,"- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.