საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე მორიგ თავდასხმას ბრალდების ადრესატები ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, კონკრეტულად დაასახელონ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც აშშ-ის სახელმწფიო დეპარტამენტს ამ საკითხებზე ანგარიში გადაუგზავნა.
„ზოგადად, მგონია, რომ როდესაც პარლამენტარი საუბრობს ასეთ საკითხებზე და საუბრობს მთლიანად სამოქალაქო სექტორზე, უმჯობესია კონკრეტულად დაასახელოს, ვინაიდან სამოქალაქო სექტორი იმაზე დიდია, ვიდრე პარლამენტის შემადგენლობა დღეს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
სულხან სალაძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დღეს ახალი, ერთიანი "მესიჯბოქსი" ჰქონდათ.
„მე ახალი მესიჯბოქსი დავინახე ამ განცხადებაში, რომ რაღაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ თურმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სახელმწიფო დეპარტამენტს, სტრატეგიულ პარტნიორს. წინა კვირაში გვესაუბრებოდნენ, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს, დღეს უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება. უბრალოდ ჩამოყალიბდნენ, კარგად დააზუსტონ და ასე ელაპარაკონ საზოგადოებას, ალბათ, უმჯობესია,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება. ამ ჩამონათვალში შესულ ქვეყნებში, ფინანსურ ტრანზაქციებში საერთაშორისო ნარკოტრეფიკიდან შესული ფულიც გადის.
ანგარიშში საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება.