19 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები კუთვნილი ბინების გადაცემის მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები კუთვნილი ბინების გადაცემას ითხოვენ. იძულებით გადაადგილებულები დღეს ამ მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უკვე 26 წელია ელოდებიან საცხოვრებელ ფართებს, თუმცა უშედეგოდ.

აქციის მონაწილეებს რომან გოცირიძე შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს დევნილთა პრობლემების პარლამენტში გაჟღერებას და საკომიტეტო მოსმენის ჩატარებას, სადაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე იქნება დაბარებული.

რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა მიმართულებით უამრავი თანხები იხარჯება და ინფრასტრუქტურულმა სამინისტრომ 75 მილიონი ლარი და 25 მილიონი ევრო გზის მონაკვეთის მშენებლობაზე გაფლანგა, ამ დაკარგული თანხით შესაძლებელი იყო დევნილებისთვის პატარა დასახლება აშენებულიყო.

„ფაქტია, რომ გადის მრავალი წელიწადი და ამ ადამიანებს ყურადღებას არავინ არ აქცევს. იმ ტემპით, როგორითაც ხდება ბინებით დაკმაყოფილება ეს შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ნახევარი საუკუნე. როდესაც ბიუჯეტიდან იფლანგება უამრავი ფული სხვადასხვა მიმართულებით. მხოლოდ ერთი შემთხვევა რომ ავიღოთ მარტო, ინფრასტრუქტურულმა სამინისტრომ 75 მილიონი ლარი, 25 მილიონი ევრო დაკარგა, რომელიღაც გზის მონაკვეთის მშენებლობაზე. აი ამ 75 მილიონი ლარით პატარა დასახლება შეიძლება აშენებულიყო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აქციის შემდეგ აფხაზეთიდან დევნილებმა პრემიერ-მინისტრთან სეხვედრის მოთხოვნით,  მსვლელობით კანცელარიასთან გადაინაცვლეს. 

„ვითხოვთ სასწრაფოდ იყოს კომისიები შექმნილი, ეს იქნება დევნილებიდან, იქნება სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, იყოს ჩართული სხვადასხვა წარმომადგენლები და იყოს კანონიერი განხილვა თუ რატომ მოხდა დღემდე 26 წელი ჩვენი დაუკმაყოფილებლობა,“ - აცხადებს აქციის ორგანიზატორი.

დღის ამბები