17 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
სიცხე მისცა წუხელ... დილით ვნახე და კრიჭა უკვე შეკრული ჰქონდა ბავშვს - სოფელ ბრეთში გარდაცვლილი მცირეწლოვანი სახლში გადაასვენეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში გარდაცვლილი მცირეწლოვანი ექსპერტიზიდან საკუთარ სახლში, რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ერთი წლის და 10 თვის ბავშვის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი.

გარდაცვლილი დღეს დილით ოჯახის წევრებმა ნახეს. ოჯახში, სადაც სამი ბავშვი ცხოვრობდა, ამბობენ, რომ მცირეწლოვანი ავადმყოფობდა, თუმცა, სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავთ.

გარდაცვლილი ბავშვის ბებია ამბობს, რომ წინა დღეს მცირეწლოვანს სიცხე ჰქონდა, წამალი დაალევინეს. მისივე თქმით, სიცხის დაწევის შემდეგ ბავშვს ჩაეძინა, დილით კი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

„სიცხე მისცა წუხელ, ციტრამონი დავალევინეთ ნახევარი და დაუწია იმ წუთში. მერე დავაძინეთ, მამასთან ეძინა ყოველთვის, მარტო ახლა კი არა... დილის 06:00 საათზე შემოვარდა ბიჭი და ბაბო, რაღაც ბავშვი ცივიაო, მომარბენინებდა ხელით და მოდი, აბა, ნახე, რა სჭირს, რა მოუვიდა ბავშვსო და ვნახე და კრიჭა უკვე შეკრული ჰქონდა ბავშვს. აქ დაყავდა ხოლმე ამბოლატორიაში, აცრებზე, გასინჯვაზე, თუ რამე პრობლემა იქნებოდა, მიყავდა ხოლმე. არაფერი არ სჭირდა ამ ბავშვს, ასე უცებ არ ვიცი,“ - თქვა ლენა რუტინსკიმ.

მცირეწლოვნის ბაბუის თქმით, ბავშვი მთელი დღის განმავლობაში ენერგიულად იყო.

„თამაშობდა ბავშვი, ყველაფერი კარგად იყო, რომ დაიძინა, ასე მოხდა... მამასთან იწვა ლოგინში, რომ ნახა, ბავშვი აღარ იყო აქეთ, აი იქით, აქეთ, სასწრაფოს დავუძახეთ, სასწრაფომ თქვა, გვიან არის,“ - ამბობს ოჯახის ახლობელი, ანატოლი რუტინსკი.

პედიატრი, თამარ ოქროპირიძე იხსენებს, რომ ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მცირეწლოვნის უფროსი ძმა ფილტვების ანთებით ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაამისამართა. 

„ოთხშაბათს უფროსი შვილი მომიყვანა დედამ, იმას ფილტვების ანთება დავუდგინე და გავაგზავნე საავადმყოფოში, იმიტომ, რომ ოჯახს წამლის ყიდვის საშუალება არ აქვს. ბავშვები ძალიან შეუფერებელ პირობებში იზრდებიან. გავაგზავნე, გადავურეკე პედიატრსაც, გავაკონტროლე, ბავშვი დააწვინა, ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ფილტვების ანთება დაუდგინდა. მეორეც წაუყვანია სასწრაფოს, ისიც ცერემბრალური დამბლით არის ბავშვი, ორი დღის მერე ისიც დაწვა,“ - ამბობს პედიატრი.

ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, ლია გოჩაშვილი ადასტურებს, რომ ამ ოჯახიდან ორი ბავშვი გადის მკურნალობის კურსს.

„ბავშვზე, რომელიც ბინაზე დაიღუპა, არც ოჯახის ექიმს არ უნახია და არც ჩვენთან ექიმთან არ ჰყოლიათ. მე როგორც ვიცი, ბებიის გადმოცემით, არც მკურნალობა არ უტარდებოდა ბინაზე, თუმცა, იმასაც აღენიშნებოდა, ბებიის თქმით, გრიპოზული მოვლენები,“ - განაცხადა ლია გოჩაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები