სოფელ ყარაჯალაში საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე თელავის მერი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ერთმანეთს შეეკამათნენ.
გიორგი ბოტკოველმა შოთა ნარეკლიშვილს "მატყუარა" უწოდა, რის გამოც აქციაზე ვითარება რამდენჯერმე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თელავის მერი, შოთა ნარეკლიშვილი პროცესს მართულს უწოდებს და ამბობს, რომ საძოვრების საკითხი აუცილებლად მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდება.
ყარაჯალის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას უკვე მესამედ აპროტესტებს. ისინი 16 ჰექტარი ტერიტორიის კერძო პირზე გასხვისებას უკანონოს უწოდებენ და მიწების სოფლისთვის გადაცემას ითხოვენ.
„დღევანდელი ხელისუფლება ყოველ დღე გვანახებს, რომ ესენი არიან თაღლითები და ამათ ხელისუფლებასთან და სამთავრობო ხელმისაწვდომობასთან არაფერი არ აქვთ. აღნიშნულმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მეორე ტურში თაღლითურად ჩაიდინა 4 უკანონო ქმედება, რომლითაც მიწა, რომელზეც თვითონ ამბობენ, რომ უკანონოდ იყო გადაცემული თურმე კონკრეტულ პიროვნებაზე, გადაიტანა თავის საკუთრებაში და მოატყუა სოფელი, რომ, თითქოს, დაუბრუნა ეს სოფელს, მაგრამ აღნიშნულ პიროვნებას იქვე 10 ჰექტარი საძოვარი მისცა. ეს არის პირდაპირ დანაშაული როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისგან,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.