19 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
სირცხვილია, როცა მერი და მერია საკრებულოს ასე ექცევა, რომ რეკლამიდან გებულობთ რას უნდა აუწიოთ ხელი - ხაბეიშვილი ტაქსების რეგულაციაზე საუბრობს

„სირცხვილია, როცა მერი და მერია საკრებულოს ასე ექცევა, რომ რეკლამიდან გებულობთ რას უნდა აუწიოთ ხელი,“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე ტაქსების რეგულაციის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

საკრებულოში ტაქსების ახალი რეგულაციის დამტკიცებამდე, თბილისის მერიამ სოციალური რეკლამა დაამზადა და საზოგადოებას ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, თბილისის მერმა ამ რეკლამის გაშვებით შეურაცხყოფა მიაყენა საკრებულოს.

„რეკლამით რატომ ვიგებთ იმას, რომ შემდეგ საკრებულოს სხდომაზე გამოვა საკითხი, რომელზეც თურმე საკრებულოს უმრავლესობა მხარეს დაუჭერს. მე მაგალითად, როგორც საკრებულოს წევრი და თქვენც, როგორც უმრავლესობის წევრები, არ ხართ შეურაცხყოფილები, როცა რეკლამიდან გებულობთ იმას, რომ ხვალ საკრებულოს სხდომაზე რომ შემოიტანენ საკითხს, რომ თურმე პირველი ივლისიდან უნდა შევიდეს რაღაც ცვლილება, ამას თქვენ ხელს აუწევთ,“ - ამბობს ხაბეიშვილი.

ოპოზიციონერი დეპუტატის მოსაზრებას იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე. მან თბილისის მერიის შესაბამის უწყებებს ამ ფაქტის გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

„გარკვეული უხერხულობა, რა თქმა უნდა, გიდასტურებთ არის ამაში, იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ გადაწყვეტილება იმის, რომ ვადა პირველი ივლისი გავაკეთოთ არ მიგვიღია, თუმცა, იმდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ინფორმირება, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ტყემალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები