17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ერთი წლის და 10 თვის ბავშვის ცხედარი საკუთარმა მამამ ნახა - გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

სოფელ ბრეთში ერთი წლის და 10 თვის ბავშვი საკუთარმა მამამ გარდაცვლილი ნახა. მან ოჯახის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მცირეწლოვანი ბიჭი, რომელსაც ღამე მასთან ეძინა, დილის 06:00 საათზე უკვე გარდაცვლილი იყო.

ბავშვის მშობლებსაც კი უჭირთ იმაზე საუბარი, რეალურად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, ფილტვების ანთება სახელდება.

„კურიერთან“ საუბრის დროს ადგილობრივები ყვებიან, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ბავშვი ავადმყოფობდა, ჰქონდა მაღალი სიცხეებიც, მაგრამ ექიმთან არავის წაუყვანია.

ბავშვი, რომელიც გამთენიისას გარდაიცვალა, მწვავე ვირუსული ანთებით საავადმყოფოში ერთი თვის წინაც მოხვდა. რამდენიმედღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ კი პაციენტი ბინაზე გაწერეს, მაგრამ აღარავინ აკონტროლებდა, როგორ გაიარა 2 წლამდე ასაკის მოზარდმა რეაბილიტაციის კურსი. სავარაუდოდ, ეს მწვავე ანთება გართულდა, რომელსაც მშობლებმა ყურადღება არ მიაქციეს.

ოჯახი, სადაც დღეს ტრაგედია დატრიალდა, 3 ბავშვი იზრდება და სამივეს პნევმონია სჭირდა. მათგან ორი საავადმყოფოში წაიყვანეს სამკურნალოდ, ხოლო მცირეწლოვნის მდგომარეობა ღამით ისე დამძიმდა, მოზარდის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

ოჯახი სოციალურად დაუცველია. ის, რომ ბავშვები სათანადო პირობებში ვერ იზრდებოდნენ, ამაზე სოფელ ბრეთში იცის ყველამ. შესაძლებელი იყო თუ არა ბავშვის გადარჩენა, დროული მკურნალობის ჩატარებით, ამას პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ამ დროისთვის გამოიძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, საქმის შესწავლის ფარგლებში, მუხლიც გადაკვალიფიცირდეს და ბავშვის გარდაცვალების საქმეში დამნაშავეებიც გამოიკვეთოს.

დღის ამბები