ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში სხდომამ ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა. ხმაური კომიტეტში მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიცია დემაგოგიაში დაადანაშაულა.
სოფიო კილაძეს ელენე ხოშტარია დაუპირისპირდა და ზრდილობისკენ მოუწოდა, მოგვიანებით თავმჯდომარე კიდევ ერთ დეპუტატს, ნატო ჩხეიძეს დაუპირისპირდა.
კომიტეტი 4 საათის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში შექმნილ კრიზისს განიხილავდა. ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ფსიქოლოგების დამატება და ხელფასების გაზრდა - ესაა ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც სოცმუშაკები გაფიცვის ფონზე ითხოვენ.
დეპუტატებს გაუსაძლის სამუშაო პირობებზე სოციალურმა მუშაკებმა კიდევ ეთხელ უამბეს, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარისგან ძირითადად საყვედურებსა და ზრდილობისკენ მოწოდებებს ისმენდნენ.
დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტსაც ელოდნენ, თუმცა დავით სერგეენკო სხდომაზე არ მივიდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ დეპუტატებს პირობა მისცა, რომ ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას პარლამენტარებს ორშაბათს მიაწვდის.
სოციალურმა მუშაკებმა დღეს მიიღეს დაპირება, რომ როგორც კი თანხის ოდენობა ცნობილი იქნება, დეპუტატები მთავრობას მიმართავენ. ამ შემთხვევაში ხელფასები გაიზრდება არა 2020, არამედ 2019 წელსვე.
ოპოზიციასთან ერთად თანხის დაუყოვნებლივ გამოყოფა და კრიზისის მოგვარება მოითხოვა მმართველმა გუნდმაც. „ქართულ ოცნებაში“ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს კრიტიკას არ მორიდებიან.
პარლამენტიდან სოციალურმა მუშაკებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და პროტესტი გააგრძელეს. გაფიცვა არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.