19 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
ნარკოტრეფიკი, საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ფულის გამთეთრებელ ქვეყნად იხსენიებს

ნარკოტრეფიკი, საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს იმ ქვეყნებს შორის ასახელებს, სადაც შავი ფულის გათეთრება ხდება. სახდეპის ანგარიშში ის სამი მიზეზია დასახელებული, რის გამოც საქართველო ფულის გამთეთრებელი ქვეყნების სიაში მოვხდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შავი ფულის გათეთრება საბანკო თაღლითობის, კიბერდანაშაულის და თანხების უკანონო მითვისების გზით ხდება. ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად ნარკოვაჭრობას ასახელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ძალოვან უწყებებს, რომ გააქტიურონ მუშაობა იმისათვის, რომ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირი იპოვონ. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარულია სინთეტიკური და კლუბური ნარკოტიკი.

ვაშინგტონის მძიმე ბრალდებების გამო, მმართველმა პარტიამ ამერიკელი დიპლომატების კრიტიკა ვერ გაბედა და ხელი არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ გაიშვირა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ანგარიში მცდარ ფაქტებს ეყრდნობა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს გადაუმოწმებელი ფაქტები კი ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიაწოდეს.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბატხაძემ აღიარა, რომ ნარკოტრეფიკი და კიბერდანაშაული ქვეყნისთვის პრობლემაა და მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას აპირებს.

არასამთავრობო სექტორი „ქართული ოცნების“ ცილისწამების გამო გაკვირვებული იყო. ფულის გათეთრების თემასა და საბანკო მანიპულაციებზე არც ერთ მათგანს დასკვნა არასდროს მოუმზადებია, შესაბამისად, მესამე სექტორისთვის გაუგებარია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ისინი რატომ დაადანაშაულეს.

ხელისუფლების ოპონენტები კი „ქართულ ოცნებას“ ურჩევენ, კლანური მმართველობა დაასრულოს და გაზრდილი კრიმინალი შეამციროს.

 

 

 

დღის ამბები