ვარკეთილის სადგური, სადაც ახალი გარემონტებული ჭერი ჩამოინგრა, კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია. შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა დღემდე სადგური აღდგენილი არ არის.
მერიას მის აღსადგენად ახალი ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მერიას მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერი გაუკეთებია არც ამ და არც სხვა მეტროსადგურებში, რის გამოც მგზავრთა უსაფრთხოება დაცული არ არის.
ოპოზიცია დედაქალაქის ხელმძღვანელობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ვარკეთილის მსგავსად, სარემონტო რეჟიმში მუშაობს მეტროსადგური გურამიშვილიც.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ამ სადგურებში ახლა კვლევებს ატარებენ, რომლის შედეგებზეც ახალი პროექტი მომზადდება. სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადებენ სადგურების რეაბილიტაციისთვის ახალ ტენდერს.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მგზავრებისთვის გადაადგილება ყველა სადგურში უსაფრთხოა და შეფერხებები მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა.
მგზავრები ფიქრობენ, რომ მეტროსადგურებში სამუშაოები უხარისხოდ სრულდება, რის გამოც დაუსრულებელი რემონტი და ტექნიკური შეფერხებები ხშირია.
მეტრო რომ უსაფრთხოა, ამას თბილისის მერიც ამტკიცებს და ჟურნალისტებს არაკომპეტენტური სტატიებისთვის ბოდიშის მოხდას ურჩევს. კალაძე ჟურნალისტებს მეტრო გოცირიძის სამატარებლო ხიდის საყრდენ ბოძზე გავრცელებული ინფორმაციის გამო საყვედურობს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ხიდის საყრდენებმა რამდენიმე მილიმეტრით დაიწია. მერიაში კი ამბობენ, რომ ექსპერტიზამ მისი უსაფრთხოება დაადასტურა.
ვიდრე ახალი პროექტები არ მომზადდება, მეტროსადგურებში რეაბილიტაცია ვერ დაიწყება. ამისთვის, დაახლოებით, ერთი წელია საჭირო. 2020 წლამდე მგზავრებს კვლავ გაურემონტებელ სადგურებში მოუწევთ გადაადგილება.