ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ჟენევის ფორმატის მორიგ შეხვედრაზე დღის წესრიგის მთავარი საკითხი რუსების ბაზაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმე იქნება. შეხვედრა 2-3 აპრილს გაიმართება.
ევროპელი დიპლომატი გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა. მას შეხვედრებ ჰქონდა თბილისში, ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში, რის შემდეგაც მოსკოვში ჩავიდა.
„ჟენევის ფორმატს გააჩნია ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი სამუშაო ჯგუფი უსაფრთხოების, მეორე კი ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს. უდავოდ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი დღის წესრიგში პირველ ადგილზე იქნება. ისეთი სერიოზული შემთხვევა, როგორიც რუსი მესაზღვრეების პატიმრობაში ყოფნისას კვარაცხელიას გარდაცვალებაა, მოგვარებას საჭიროებს. ეს არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შედეგი.
"ამიტომ, ბუნებრივია, რომ ვეხებით ასეთ თემებს როგორც თანათავმჯდომარეები ჟენევის ფორმატშიც და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დროსაც. გამოყენებული უნდა ყოფილიყო ცხელი ხაზი. მაგრამ, სამწუხაროდ, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არ ფუნქციონირებს. ვფიქრობთ, რომ გალში ეს ფორმატი უნდა აღდგეს და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ,“- განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარმა.
29 წლის ირაკლი კვარაცხელია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. საოკუპაციო ხაზთან დაკავების შემდეგ კი ის რუსმა ჯარისკაცებმა ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროშოკი გამოიყენეს. ფოტომასალა, სადაც ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე წამების არაერთი კვალი ჩანს, „კურიერმა“ მოიპოვა.