ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი მოძრაობის მიმართვა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს - ხელისუფლების ოპონენტები ჯანი ბუკიკიოს სასამართლო რეფორმის შესახებ ხელისუფლების გეგმებს აცნობენ და იმ საფრთხეებზე მიუთითებენ, რაც კლანური მმართველობის სისტემაში უვადოდ დარჩენას მოჰყვება.
მიმართვის ავტორები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს საკუთარ რეკომენდაციებს უგზავნიან და მოუწოდებენ, შეაჩერონ ქართული ოცნების გადაწყვეტილება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ.
„ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა კობახიძე და ქართული ოცნება და ისე გაიტანეს აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ფასადურია. მათი მთავარი ამოცანაა, რომ კლანს - მურუსიძე-ჩინჩალაძეს დაუტოვონ გავლენები მართლმსაჯულების სისტემაში,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.
მათი შეფასებით, ეს პროცესი საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესებს და შესაძლოა, მძლავრი სამოქალაქო პროტესტი გამოიწვიოს.
„ჩვენი ერთობლივი პოზიციაა, რომ ვენეციის კომისიამ თავის რეკომენდაციებით მოუწოდოს, შეაჩეროს პროცესი, მოუწოდოს, გამართოს დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოუწოდოს, გაიზიაროს ის ალტერნატივები, რომელიც არსებობს,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.
ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ვენეციის კომისიას შეუძლია, ქართულ ოცნებაზე ზეწოლა მოახდინოს და ირაკლი კობახიძის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას პირველი მოსმენით უკვე მიღებული აქვს, საბოლოოდ არ დამტკიცდეს.
„სასაცილოა საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი. ეს იცის მმართველმა გუნდმაც, მისმა ნაწილმა იმიტომ, რომ ფორმალურად თუ არაფორმალურად ეს გადა მათი გამოყოფის მიზეზი ქართული ოცნებიდან,“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების პოლიტიკურმა მდივანმა, მანანა ნაჭყებიამ.
ვენეციის კომისიის წევრები თბილისში მომავალ კვირას ჩამოვლენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ, რომ წერილის შინაარსი მათ პირადად გააცნონ.
"ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ მათ ექნებათ პოლიტიკური ნება და ვინმეს მაინც მსოფლიოში, შიგნით საქართველოში გაუწევენ ანგარიშს, ხომ კარგი, თუ არადა ეს ხელისუფლება დაამთავრებს ცუდად,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.
წერილს ხელს 16 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა აწერს.
„ის, რაც პირველი მოსმენით მიიღეს, მეორე და მესამე მოსმენითაც თუ მიიღეს პარლამენტში, ჩვენ მივიღებთ ჩინჩალაძისა და მურუსიძის სამარადჟამო მეფობას და ქართული დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლოს დასამარებას,“- განაცხადა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა.