გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს პარტია თავისუფალი საქართველო აპროტესტებს.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია, აცხადებს, რომ ტაძრის გადახურვა უხარისხოდ მოხდა, რის გამოც სახურავის ნაწილი დაზიანდა და მასზე ე.წ. ბრეზენტია გადაფარებული.
წულაიამ ტაძრის მიმდებარედ გამართულ ბრიფინგზე, ვიზიტორთა ცენტრზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თვეების წინ აშენებული ცენტრი უფუნქციოდაა, რადგან იქ წყალი ვერ შეიყვანეს.
"სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ. სახურავი გადახურეს ახალი კრამიტით, მაგრამ მალევე დაზიანდა და ახლა ბრეზენტით აქვთ გადაფარებული. გამოდის, რომ გელათის ტაძარზე სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ამასთან, პრობლემაა ვიზიტორთა ცენტრშიც. შენობა რამდენიმე თვის წინ აშენდა, მაგრამ უფუნქციოდაა. წყლის შეყვანა ვერ მოხერხდა, არ არსებობს შესაბამის ავზი, საიდანაც ცენტრს წყალი მიეწოდება. გააკეთეს წყლის შემკრები ავზი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ავზი უფრო მაღლა იყო, ვიდრე წყალი და მერე დაიწყეს წყლის ძებნა. ეს არის დანაშაული, რადგან არცთუ ცოტა თანხები იხარჯება. ამასთან, დანაშაულია იმიტომ, რომ ასეთი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი და ტურისტული ადგილი ამდენი ხანი ვერ მოწესრიგდა," - განაცხადა გოგი წულაიამ.
გელათის ტაძარზე სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, კულტურის და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აწარმოებს.
ცენტრის წარმომადგენლის ტარიელ მკერვალიშვილის განცხადებით, სახურავის გადახურვა შემოდგომას დაიწყო და შემდენ არამდგრადი ამინდების გამო შეჩერდა. მისი თქმით, გადახურვა მალე განახლდება და რამდენიმე თვეში სრულდა დასრულდება.