საქართველოს მასშტაბით საკრებულოს შუალედური არჩევნები 8 მუნიციპალიტეტში, მერების - 5-ში და მაჟორიტარული არჩევნები კი მთაწმინდის ოლქში 19 მაისს ჩატარდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შუალედური არჩევნების ჩასატარებლად ადმინისტრაცია მზად არის.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის, თქმით, რეგისტრაცია არჩევნებამდე ზუსტად 40 დღით ადრე შეწყდება.
„შუალედური არჩევნები გაიმართება საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში. ასევე, გაიმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები, გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში და ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რეგისტრირებული არის 410 750 ამომრჩეველი და საერთოდ ჯამში, ეს არის 410 საარჩევნო უბანი. დღეს განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფებისთვის კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების რაოდენობა, ეს უნდა იყოს რეგისტრირებული ამომრჩევლების ერთი პროცენტი. საინიციატივო ჯგუფებს და ასევე პარტიებს, რომლებსაც სურთ, რომ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ არჩევნებში, შეუძლიათ, 2 აპრილის ჩათვლით მიმართონ სარჩევნო ადმინისტრაციას რეგისტრაციის გავლის მიზნით,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.