მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლები ვაკის სტუდქალაქის ადგილას, თითქმის, 70-სართულიანი ცათამბჯენის შესაძლო აშენებას აპროტესტებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპლექსის ასაშენებლად საკმარისი სივრცე არ არსებობს და პროექტი მათ ბევრ სირთულეს შეუქმნის.
მათი თქმით, შეიზღუდება გადაადგილება, შემცირდება საპარკინგე ადგილები და განადგურდება რეკრეაციულ ზონები.
აქციაზე იმყოფებოდა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, ქალაქში კვლავ ურბანული ქაოსია.
„სიგიჟეა აბსოლუტური. შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ამის ნებართვა გასცენ, შეუძლიათ, ააშენონ და მერე ბომბი ესროლონ ვაკეს იმიტომ, რომ ვაკე საცხოვრებლად იქნება აბსოლუტურად უვარგისი უბანი. ახლაც ძალიან მძიმეა, არც გამწვანება ჰყოფნის, არც კომუნიკაციები, არც გზა და 70-სართულიანს რომ ზედ ჭავჭავაძეზე ააშენებ, თან კომპლექს, ერთს კი არა, ეს იქნება განაჩენი ვაკისთვის. არ გაჩერდა ეს ურბანული ქაოსი და კორპუსომანია ამ ქალაქში,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რამდენიმე კორპუსის მცხოვრებლები პროექტის წინააღმდეგ მერიაში შესატანად ხელმოწერებსაც აგროვებენ.
ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში კი ამბობენ, რომ ჭავჭავაძის 37-ში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის შესული განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.