დედამიწის საათის გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიასთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი ბიტკოინების ქარხანასთან გაიმართა. აქციის ორგანიზატორი ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი იყო.
ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, ხელისუფლების ინტერესია, რაც შეიძლება, მეტი ენერგია მოიხმაროს. მისი თქმით, მთავარი ენერგომომხმარებელი სწორედ ბიტკოინების ქარხანაა, ამიტომ ღონისძიების აღნიშვნა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ხელში ფარსია.
„ამ ქვეყანაში მთავარი ენერგომომხმარებელი არის ბიტკოინების საწარმოები, რომელიც ეკუთვნის ივანიშვილს და მასთან არის დაკავშირებული. სწორედ მათ გამო, მათი მომარაგების გამო უპირებენ ნახევარ საქართველოს დატბორვას და ამასთანავე, ჩვენ გვაცხოვრებენ 90-იანი წლების და უფრო ადრე ენერგოპოლიტიკის პირობებში. ამგვარია სახე კალაძე-ივანიშვილის ენერგეტიკული პოლიტიკის, რომელთაც საკუთარი ინტერესები გააჩნიათ ამ სფეროში და მათ ინტერესშია, რომ რაც შეიძლება, მეტი ენერგია მოვიხმაროთ და არა დავზოგოთ,“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა.