ცოლთან 30-წლიანი ცხოვრების შემდეგ რაზმიკ თამასიანი მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. დაზარალებულმა ცოტა ხნის წინ გაბედა ეღიარებინა, რომ მეუღლე ცემით ხშირად ემუქრებოდა. მას ახლა ძალადობის მსხვერპლის სტატუსი აქვს.
თამასიანი ამბობს, რომ ძალადობის ფორმებიც საკმაოდ მძიმე იყო. ქმარი ყვება, რომ მეუღლე ჩხუბის დროს ყველაფერს ამტვრევდა. მისივე თქმით, ერთ-ერთი ჩხუბის დროს ახალგაზრდა ქალმა კედელი გამოანგრია.
ხმაურზე მეზობლებს პოლიციაც არაერთხელ გამოუძახებიათ. სამართალდამცველებმა კი მოძალადე ცოლს შემაკავებელი ორდერი ორჯერ გამოუწერეს და ქმართან მიახლოვება აუკრძალეს.
ამბავი, რომელსაც ქმარი ვერსად ყვებოდა, 10 წლის წინ დაიწყო. საქმე სასამართლომდე კი რამდენიმე თვის წინ მივიდა.
ერთ-ერთი კონფლიქტის დროს ცოლმა პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ ქმარი ძალადობდა, დაიწყო გამოძიება. გამოძიებამ კი სულ სხვა გარემოებაა დაადგინა.
ქმარზე მოძალადე ცოლს ახლა ბრალდებულის სტატუსი აქვს. მან ჩვენება მოსამართლეს უკვე მისცა და ყოფილი მეუღლე პროვოკაციაში დაადანაშაულა. სოფია თამასიანი საპირისპიროს ამტკიცებს. ამბობს, რომ ქმარი ხშირად სცემდა, დანითა და იარაღითაც კი ემუქრებოდა.
სოფია თამასიანი ახლა ნანობს, რომ ქმარს ძალადობისთვის პოლიციაში უჩივლა. ამბობს, რომ მაშინ ვერც წარმოიდგენდა, საქმე მისივე წინააღმდეგ თუ შემოტრიალდებოდა.
ოჯახური ძალადობის საქმეს, რომლის მსხვერპლიც ამჯერად კაცია, უკვე სასამართლო განიხილავს. მან უნდა გასაზღვროს, სასჯელის რა ზომას გამოიყენებს სოფია თამასიანზე, რომლის გამოც მამაკაცი დიდ ტანჯვას განიცდიდა.
ავტორი: ნარგი პოდოსიანი