ზვიად გამსახურდია დღეს 80 წლის გახდებოდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე, ახლადარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკა - დროშა, გერბი და ჰიმნი. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.
ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში, სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნიდან განდევნეს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.