უკრაინა დღეს პრეზიდენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. 30-მა მილიონმა ამომრჩეველმა პრეზიდენტი 39 კანდიდატს შორის უნდა აირჩიოს.
კანდიდატებს შორის არიან გავლენიანი პოლიტიკოსები და რადას მოქმედი და ყოფილი დეპუტატები, თუმცა მთავარი ბრძოლა 3 კანდიდატს - პეტრო პოროშენკოს, იულია ტიმოშენკოს და ვლადიმერ ზელენსკის შორის მიმდინარეობს.
სწორედ ამ სამ კანდიდატს უწინასწარმეტყველებენ ექსპერტები მეორე ტურში გასვლას. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მათგან ყველაზე დიდი მხარდაჭერა კომიკოს მსახიობს და ტელეწამყვანს ვლადიმერ ზელენსკის აქვს.
ზელენსკიმ საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. ზელენსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სერიოზული დიპლომატი და მრჩეველია. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ის უნდა დაუბრუნონ.
„საქართველო ძალიან მიყვარს. ულამაზესი ქვეყანაა, თბილი ხალხითა და გემრიელი სამზარეულოთი, თუმცა საქართველოში ჩამოსვლა ცოტა საშიშია. წონაში ვიმატებ, იქიდან ყოველთვის + 4 კილოგრამით ჩამოვდივარ.
"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს. ჩამოვიდეს, ჩემი აზრით, სააკაშვილი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან საერთაშორისო არენაზე უკრაინულ დემოკრატიას და ქვეყნის ინტერესებს იცავს. ამაზე მეტყველებს ყველა მისი ქმედება. ჩემი აზრით, ის სერიოზული დიპლომატია და ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანი მრჩეველია. ასეთი ადამიანის დახმარება ფასდაუდებელია. მე თანამდებობებით არ ვვაჭრობ. ჩვენ მოვაწყეთ კენჭისყრა და ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობა უნდა დაიკავოს. თუ მას ჩამოართვეს მოქალაქეობა, ვფიქრობ, უნდა დაუბრუნონ,“ - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესი არ მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ასევე, დამკვირვებლები რუსეთის ფედერაციიდან არჩევნებს ვერ აკვირდებიან.