სამეგრელოს რეგიონში ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებას მინისტრთა კაბინეტის წევრები არჩევნებს არ უკავშირებენ. მინისტრები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარეა და ის ძალიან ხშირად სტუმრობს სხვადასხვა რეგიონს.
„არანაირი საარჩევნო კამპანიის ნაწილი ეს არ არის. ძალიან ხშირად ბატონი ბიძინა ჩადის ყველა რეგიონში და ეს პირველი არ არის. სამეგრელოშიც არის ადრე ნამყოფი, ასევე სხვა რაიონში. აბასთუმანშიც ბევრჯერ ყოფილა და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. პარტიის თავმჯდომარეა და ის დადის რეგიონებში და მას აინტერესებს როგორ არის ჩვენი ქვეყნის განვითარება,“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი კი ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტს ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს უკავშირებს.
„ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ღონისძიება იგეგმება და ერთ-ერთი ღონისძიება არის იმ ადგილების აღდგენა, სადაც მან თავისი ცხოვრების ბოლო დღეები გაატარა. ეს კონკრეტული გასვლა უკავშირდებოდა ზვიად გამსახურდიას 80 წლის თავს და რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი და ბუნებრივია მივა ყველგან, სადაც ჩათვლის, რომ საჭიროა მისი მისვლა,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.