"თიბისი ბანკის" სკანდალური საქმე პარლამენტში მწვავე დებატების მიზეზი, დღეს კიდევ ერთხელ გახდება. სესიაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან, რომელიც მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის შესახებ შეკითხვების ადრესატი იქნება.
ამ საკითხზე კობა გვენეტაძისგან პასუხგაუცემელ შეკითხვებზე განმარტებებს ოპოზიცია მოითხოვს.
„აქ იკვეთება პოლიტიკური დევნის მიზნით ეროვნული ბანკის გამოყენების ნიშნები. ამიტომ შეკითხვა გვაქვს დამოუკიდებლად მოქმედებდა თუ არა ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში,“-აცხადებს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.
საბანკო რეგულაციები იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც "ევროპული საქართველოს" წევრები ისაუბრებენ. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, აღნიშნულმა რეგულაციებმა 10 ათასობით მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
“კობა გვენატაძეს უბრალოდ უნდა, ფორმალურად შეასრულოს რეგლამენტი, მოვიდეს პლენარულ სხდომაზე, სადაც მას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა უბრალოდ გადაეფარება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ ყველაზე მთავარი პრეტენზია გვაქვს იმ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებმაც 10 ათასობით მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი "თიბისის" საქმე ამ დროისთვის ინტერესის საგანს აღარ წარმოადგენს.
„ბატონმა კობამ, თავისი დამოუკიდებლობა თავის დამოუკიდებელ აზროვნებაში უნდა იპოვოს, ვიდრე რეგლამენტის საკუთარ ინტერპრეტაციაში. მე ვფიქრობ, რომ ის კომიტეტზე ყოველთვის უნდა მოვიდეს, როდესაც ამის მოთხოვნა იქნება. ჩვენ მისგან არც აღიარებით ჩვენებას ველოდებით და არც რაიმე მინიშნებებს. მან უნდა განმარტოს უბრალოდ, რა იყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაცია,“-განაცხადა რომან კაკულიამ.
კობა გვენეტაძე დეპუტატებს ეროვნული ბანკის საქმიანობის ანგარიშსაც გააცნობს,რომლის დროსაც ის ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრებს.