პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო. საქმე ეხება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას, რომელიც ინიციატორთა მოთხოვნით დაჩქარებული წესით განიხილებოდა.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაცემას გულისხმობდა.
კანონპროექტს 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო კანონპროექტის დამტკიცებას 76 ხმა სჭირდებოდა.
დეპუტატებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ განმარტეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ხმა არ ესმოდათ და ვერ გაიგეს, რომელ კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან კობერიძემ კანონპროექტის კენჭისყრაზე განმეორებით დაყენება მოითხოვა, თუმცა, ირაკლი კობახიძემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მომხდარზე დეპუტატებმა მომხდარი განმარტეს. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ინიციატივის ჩავარდნა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.
„ორი მოსმენით, ძალიან მარალი ლეგიტიმაციით აღნიშნულ კანონს ჰქონდა მხარდაჭერა, ამდენად აქ მხარდაჭერის პრობლემა არ გახლდათ, გახლდათ ტექნიკური პრობლემა, რამდენიმე კოლეგამ აღნიშნა კიდევაც, რომ არსებობს დარბაზში რამდენიმე ტექნიკური ხარვეზები, ვთქვათ აკუსტიკასთან მიმართებაში ასევე. არა უგვიანეს 16 აპრილისა ჩვენ დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე და ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე, რომ ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ხელისუფლებას გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს "ევროპული საქართველო".
„მთავრობამ დააანონსა და უთხრა საზოგადოებას, რომ წელს სკოლის დამამთავრებელი გამოცდები არ იქნება, მაგრამ კანონი არ მიუღიათ და შესაბამისად გაწელეს ეს პროცედურა და შემდეგ დაჩქარებული წესიც შემოიტანეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვადებში ვერ ეტევიან და დღეს კიდევ ჩავარდა კანონი. ეს ნიშნავს გაუაზრებლობას, ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას და ეს ნიშნავს უუნარობას და საერთოდ უმრავლესობა მოშლილი რომ არის იმას ნიშნავს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
მთავრობა კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ განმეორებით მიმართავს პარლამენტს.