19 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
საბანკო რეგულაციები, ვალების განულება, დაგროვებითი პენსია, "ომეგა ჯგუფის" საქმე - ფინანსთა მინისტრს მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა 

პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ივანე მაჭავარიანის მოსმენა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოხდება. ოპოზიციას ძირითადად კითხვები საბანკო რეგულაციებზე, საპენსიო რეფორმასა და ვალების განულებასთან დაკავშირებით ექნება.

კიდევ ერთი მთავარი საკითხი კომპანია „ომეგა ჯგუფთან" არის დაკავშირებული. კანონმდებლები ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. შეხვედრას პარლამენტში "ომეგას" წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ფინანსთა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა.

„საუბარი იქნება როგორც საბანკო რეგულაციებზე, საპენსიო გადასახადზე, ისე ომეგას საქმეზე და იმ აქციზური მარკების გაუცემლობაზე, რომელსაც არანაირი კანონიერი საფუძველი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან არ აქვს,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ვალების განულების პროექტთან დაკავშირებით ექნება კითხვები „ნაციონალურ მოძრაობას“. რომან გოცირიძის თქმით, მინისტრმა უნდა უპასუხოს, როგორ მოხდა ვალების განულებასთან დაკავშირებით შეთანხმება და ხომ არ ჰქონდა ადგილი რეკეტს.

„სრულიად არის გასაიდუმლოებული თუ ე.წ. ვალების განულების შემდეგ რა რაოდენობის თანხებით იქნა ეს ვალები გამოსყიდული და ხომ არ იყო რეკეტი ფაქტობრივად საბანკო სისტემისა,“-აცხადებს გოცირიძე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ახალი რეგლამენტის შესაბამისად მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მოთხოვნით მოდის. მისი თქმით, ივანე მაჭავარიანთან კითხვები ოპოზიციასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც ექნებათ. 

დღის ამბები