პანკისში განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტის პრესსპიკერი გამოეხმაურა. ხატია მოისწრაფიშვილმა, მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააჟღერა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება მიუღებელია.
როგორც მოისწრაფიშვილმა განმარტა, სალომე ზურაბიშვილის აზრით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამართალდამცველებმა მოახერხეს, რომ ხეობაში სიტუაცია დამშვიდებულიყო.
ვითარება პანკისში კვირას უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.
სოფელ ძიბახევთან, კვირას, დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა. ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდან, ბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ.
მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.