ქართველი ანალიტიკოსები ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს "რუსეთის მხრიდან კუნთების თამაშს" უწოდებენ.
მათი შეფასებით, მოსკოვი უკმაყოფილოა საქართველოსა და უკრაინის ნატოსთან დაახლოებით, ასევე შავ ზღვაში ამერიკის ხომალდების გამოჩენით.
„ასეთი წვრთნები ყოველთვის სიგნალია, რომ ჩვენ აქ სიტუაციას ვაკონტროლებთ და თქვენი აქ ყოფნა ვერაფერს დაგვაკლებს, ამიტომ ეს არის უბრალოდ კუნთების თამაში. საკმაოდ დიდი უსიამოვნება ჰქონდათ გამოხატული ამერიკის სამხედრო გემების შავ ზღვაში შესვლასთან დაკავშირებით. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მათ არ მოსწონთ ნატო-ს თანამშრომლობა უკრაინასთან და საქართველოსთან,“-აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი რუხაძე კი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, აშშ-ს აჩვენოს, რომ ის აკონტროლებს ვითარებას, თუმცა მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა ნატო შავი ზღვის აკვატორიაში ყოველდღიურად ძლიერდება, რუსეთის ეს პროვოკაციული ქმედებები არაფრის მომტანი იქნება.
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სწავლებებში 3 ათასი ჯარისკაცი, 400 ერთეული ტექნიკა და სამხედრო გემიც მონაწილეობს. პარალელურად, რუსეთი სამხედრო პოტენციალს აძლიერებს დასავლეთით.