აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის ჩაკეტვას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის ინფორმაციას აზუსტებს და დარწმუნებულია, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მის მოგვარებას შეძლებენ.
"მე გამოვრიცხავ. პირველ რიგში, დამჭირდება დაზუსტება ინფორმაციის. დარწმუნებული ვარ, თუ ზოგადად რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს, ჩვენ ამ პრობლემას აუცილებლად გადავჭრით ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისკენ მისასვლელი გზა ჩაკეტეს. უკვე სამი დღეა, ტაძარში არც ბერებს და არც მომლოცველებს არ უშვებენ.
ბოლო რამდენიმე საათია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ადგილზე ინტენსიურად მუშაობენ. ისინი აზერბაიჯანის მხრიდან, დავით გარეჯთან მიწას თხრიან.
ადგილზე, სავარაუდოდ, აზერბაიჯანული ჯარის მეთაური იყო მოსული. ის ქართველ მესაზღვრეებს ესაუბრა, თუმცა მან ჟურნალისტთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.