26 აპრილი 2024,   09:21
ვრცლად
დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ნახევარმილიონიან ქონებას, სავარაუდოდ, მძღოლის სახელზე მალავს

დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ნახევარმილიონიან ქონებას, სავარაუდოდ, მძღოლის სახელზე მალავს. ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ტერიტორია, რომელიც ნახევარ მილიონ ლარად იყიდება, ოფიციალურად დეპუტატ ზარდიაშვილის მძღოლის სახელზეა გაფორმებული. გიორგი გოცაძე ადასტურებს, რომ ზარდიაშვილის ნდობით აღჭურვილია პირია.

მიწა რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ სახელმწიფომ გოცაძეს 30 წლიანი იჯარით გადასცა - ერთი კვადრატული წელიწადში 7 ლარად და 14 თეთრად. გიორგი გოცაძეს სახელმწიფომ იჯარით მიწა ზუსტად იმ პერიოდში გადასცა, როცა ვანო ზარდიაშვილი აუდიტის სამსახურში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, გიორგი გოცაძე კი მისი პირადი მძღოლი იყო. „კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, გოცაძეზე მიწის ნაკვეთი ფორმალურად გაფორმდა, მისი რეალური მეპატრონე კი ”ქართული ოცნების” დეპუტატი და პარლამენტის თავმჯდომარის გარემოცვის წევრი ვანო ზარდიაშვილია.

გიორგი გოცაძე ამტკიცებს, რომ მიწა ნამდვილად მისია, თუმცა ვერ იხსენებს, როდის გადაეცა სახელმწიფოსგან იჯარით. გოცაძეს არც საკუთარი მიწის პარამეტრები ახსოვს.

გიორგი გოცაძემ დამალა, რომ ვანო ზარდიაშვილთან პირად მძღოლად პარლამენტშიც მუშაობდა. საკანონმდებლო ორგანოში „კურიერს“ უთხრეს, რომ გოცაძე რამდენიმე თვეა, რაც ზარდიაშვილის ავტომობილს აღარ მართავს. ყოფილმა მძღოლმა მხოლოდ ის თქვა, რომ ”ქართული ოცნების” დეპუტატთან ”ოდითგანვე” მეგობრობს.

ჟურნალისტური მოკვლევის დროს „კურიერს“ ფაქტების გადამოწმებაში თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი დაეხმარა, რომელიც ვანო ზარდიაშვილის მიწის ფორმალურ მფლობელს ტელეფონით დაუკავშირდა, მყიდველად გაეცნო და ჰკითხა, რა ფასად ყიდდა მიწას, რომელიც სახელმწიფოსგან იჯარით მიიღო. სატელეფონო საუბრის დროს გოცაძემ ხაბეიშვილს უთხრა, რომ მერიიდან ყველა ნებართვა აქვს მიღებული და მყიდველს სავაჭრო ობიექტის აშენება შეუძლია.

ცოტნე დადიანის ქუჩის მონაკვეთი, სადაც ზარდიაშვილის მძღოლი ნახევარ მილიონიან მშენებლობას გეგმავს, შს სამინისტრომ გასულ წელს ავარიების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილად გამოაცხადა. თბილისის ინტერაქტიული რუკის მიხედვით, ტერიტორია სატრანსპორტო ზონაა, სწორედ ამიტომ, ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიის იჯარით გადაცემა დაუშვებელი იყო, ისევე, როგორც მშენებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ მერიამ მშენებლობის ნებართვაზე გოცაძეს ერთხელ უკვე უარი უთხრა, „კურიერის“ ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურისგან სამშენებლო ნებართვის მიღებას ზარდიაშვილი პირადად ცდილობს.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რკინიგზის არსებული ბოძები დამატებით დატვირთვას ვერ გაუძლებს, ამიტომ მშენებლობა დაუშვებელია.

ვანო ზარდიაშვილი ამტკიცებს, რომ ქონება, რომელიც ნახევარ მილიონ ლარად იყიდება, ნამდვილად მის მძღოლს, გიორგი გოცაძეს ეკუთვნის, რომლის სახელზე სხვა უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ „კურიერს“ ინფორმაცია გადამალული ქონების შესახებ მისმა ყოფილმა კოლეგებმა მიაწოდეს, თუმცა ვინ, არ აკონკრეტებს.

მშენებლობის დასაწყებად შპს ლონდონს თანხმობა საქართველოს რკინიგზისგან უკვე მიღებული აქვს.

 

დღის ამბები