
This is a modal window.
ხმაური პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - დაპირისპირება ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების გამოჩენას მოჰყვა. აქციის რამდენიმე მონაწილემ, საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფი მოშიმშილე აქციის მონაწილეების მონახულება სცადა, რისი საშუალებაც ტერიტორიაზე მყოფმა ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა არ მისცეს.
რამდენიმე ახალგაზრდის გამოჩენას „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა. იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც, თუმცა სამართალდამცველებმა სიტუაცია მალევე განმუხტეს და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანეს.
ანტისაოკუპაციო აქციის ის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ, კიბეებთან იმყოფებიან, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა ალყაში რჩებიან.
დაახლოებით 10-მდე ადამიანი, რომელთა შორის არიან აქციის ორგანიზატორები, ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებენ და ამ საკითხს პრინციპულად მიიჩნევენ.
ისინი ხელისუფლებას ვასაძის მხარდამჭერთა აქციის მართვაში ადანაშაულებენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის 19 დღის წინ მიცემული პირობა ძალაშია და აქციები გიორგი გახარიას გადადგომამდე არ შეწყდება.
„პოლიცია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მათ არ აძლევთ საშუალებას აქ შემოერთების და პირიქით, კონტრაქციაზე მყოფ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ მიმოსვლა, შეერთება მათ აქციაზე და რაოდენობის გაზრდა. ამას არაფერი ჰქვია სხვა, თუ არა ის, რომ შს სამინისტრო და პოლიცია, ხელს უწყობს მოძალადეების მობილიზებას ამ აქციაზე და აქ მყოფ ადამიანებს არ გვაძლევს საშუალებას, თუნდაც გავიდეთ, დავტოვოთ ტერიტორია და ჩაგვენაცვლონ სხვა ადამიანები. ეს არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ეს არის შეკრება-მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა პოლიციის მხრიდან, რომელსაც არ აქვს არანაირი გამართლება,“-განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.