09 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
ჰილარი კლინტონი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ნიუ-იორკში საკუთარ სახლთან ჩაწერილი ვიდეო–მიმართვით ოფიციალურად დაადასტურა, რომ სურს ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს. ჰილარი კლინტონის ამ განცხადებას რიგითი ამერიკელები და პოლიტიკური ელიტა ბოლო რამდენიმე თვე მოუთმენლად ელოდა.

ვიდეორგოლის გამოქვეყნებისთანავე ჰილარი კლინტონი საარჩევნო შტაბის ფორმირებას შეუდგა. ახალი გუნდი, რომელმაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი მოსახლეობას ახალი იმიჯით უნდა წარუდგინოს, სრულყოფილ სახეს თვენახევარში მიიღებს. მას შემდეგ რაც ქვეყნის 50-ივე შტატში გაიხსნება შტაბბინები, ჰილარი კლინტონი ამომრჩევლებთან პირველ შეკრებას მაისში გამართავს და კამპანიის დაწყების შესახებ გამოაცხადებს.

უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი მთავარ ყურადღებას ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასა და რიგითი ამერიკელების ყოველდღიური პრობლემების მოგვარებას დაუთმობს.

კლინტონის კრიტიკა კი უკვე დაიწყეს რესპუბლიკურ პარტიაში. ოპონენტები აცხადებენ, რომ ჰილარი კლინტონი ქვეყნის პოლიტიკის წარმართვას ვერ შეძლებს. თუმცა რეიტინგებში ის უპირობო ლიდერია.

ავტორები: დავით ნიკურაძე, თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები