09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
"ვგმობ პაპის ამ განცხადებას და მოვუწოდებ, ეს შეცდომა აღარ გაიმეოროს,”- თურქეთის პრეზიდენტი

“ყოველთვის, როდესაც პოლიტიკოსები და რელიგიური ფუნქციონერები საკუთარ თავზე იღებენ ისტორიკოსების ვალდებულებას, ფაქტების ნაცვლად გამოდის ბოდვა. ვგმობ პაპის ამ განცხადებას და მოვუწოდებ, ეს შეცდომა აღარ გაიმეოროს,”- თურქეთის პრეზიდენტი რომის პაპს აკრიტიკებს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის აღშფოთება იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმანეთის იმპერიაში სომეხთა მასიურ მკვლელობას გენოციდს უწოდებს.

თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა სომხურ მხარეს, შეიქმნას ორი ქვეყნის ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომისია 1915 წლის ტრაგედიის დოკუმენტების შესასწავლად. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს, ისტორიული მოვლენების ერებისა და ქვეყნების საწინააღმდეგო კამპანიისთვის გამოყენებას.

სომეხი და ბევრი დამოუკიდებელი ექსპეტის მტკიცებით, პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმანეთის იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები ორმილიონ ნახევარი სომეხიდან დაიღუპა მილიონნახევარი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები