
შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა მარტის თვიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი ა.ხ. ბათუმში დააკავეს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2015-2016 წლებში 10-მდე პირის ნდობის მოპოვების შემდეგ სხვადასხვა ბანკებში ანგარიშები გაახსნევინა და ინტერნეტბანკის გააქტიურების შემდეგ მათ საბანკო მონაცემები გამოართვა. დაკავებულმა ა.ხ.-მ თაღლითურად აიღო ონლაინ სესხები და დიდი ოდენობის ფულად თანხას დაეუფლა, ჯამში - 56 345 ლარის ოდენობით. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 1986 წელს დაბადებული ა.ხ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.