20 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
დამკვირვებლები ჩორჩანაში

ხაშურიდან 33 კილომეტრში ზუსტად 1 თვის წინ საოკუპაციო ხაზთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. საქართველოს სოფელ  ჩორჩანაში, იქ, სადაც ჩორჩანის მაცხოვრებლები ცოტა ხნის წინ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, ახლა შეიარაღებული ადამიანები დადიან.

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმს გახსნილი აქვს საგუშაგოები. სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას არ მალავს, თუმცა, ქართველ გლეხებს საკუთარ მიწაზე ახალი მავთულხლართების გასწვრივ უწევთ მუშაობა.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი "კურიერმა" სწორედ საოკუპაციო ხაზთან ჩაწერა.​

ჩორჩანასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამატებითი საგუშაგოების გახსნის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. ე.წ. ოსური დროშა სოფელს ზემოდან დაჰყურებს, თავად საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ჩორჩანას კუთვნილ ტყეში შეიარაღებული ადამიანები იყვნენ მობილიზებულნი. სოფელთან საოკუპაციო ძალების გამოჩენამ ადგილობრივები აიძულა, შეზღუდვებს დაემორჩილონ. ჩორჩანის მაცხოვრებლები მავთულხლართებს მიღმა წასვლას ვერ ბედავენ. ერთადერთი, ვინც ამ გზაზე თავისუფლად დადიან,  ქართული პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა.

საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პატრულირებს. საერთაშორისო მონიტორები აღრიცხავენ ყველაფერს, რასაც ჩორჩანას ტყეში ხედავენ. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა "კურიერს" უამბო თუ რა ხდება რეალურად საოკუპაციო ხაზთან. ერიკ ჰოგი ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა საგუშაგოები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გახსნა და აღნიშნულ სიტუაციას შემაშფოთებელს უწოდებს. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის ყოველდღიური გააქტიურება ხდება.

ევროპელ მონიტორებთან ერთად პატრულირებაზე წასვლა "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმაც სცადა, თუმცა დამკვირვებლების თხოვნის შემდეგ, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, კადრების გადაღება მხოლოდ სოფელთან ახლოს მოხერხდა.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სიტუაცია ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე რთულია და მის განსამუხტად მხარეებმა დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ. ერიკ ჰოგის თქმით, აუცილებელია ერგნეთის ტექნიკური შეხვედრები გაგრძელდეს.

პასუხი კითხვაზე, აიღებს თუ არა საოკუპაციო რეჟიმი დამატებით საგუშაგოებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ოფიციალურ თბილისს არ აქვთ. სანამ რუსი ოკუპანტები ჩორჩანასთან არსებულ სიმაღლეზე რჩებიან, სოფლის მაცხოვრებლებმა კარგად იციან, რომ საფრთხე ახლოსაა და ის მავთულხლართებით ემუქრება.

დღის ამბები