14 ივლისი 2020,   04:52
ვრცლად
ქართველი გენერალი RSM-ის მმართველობაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" მმართველობაში, უსაფრთხოების საკითხებში შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

ავღანეთში გამგზავრებამდე ბრიგადის გენერალ ნიკოლოზ ჯანჯღავას საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.

ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" მმართველობაში (ქ. ქაბული) საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი მაღალ თანამდებობას პირველად დაიკავებს. "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" სამხედრო მართვის რგოლი ტრადიციულად ნატოს წევრი ქვეყნების უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობიდან კომპლექტდება.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დღის ამბები