დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის, გუშინდელი დაპირისპირება დღესაც განხილვის თემაა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ინციდენტის შესახებ რეპლიკები მოსამართლეობის სხვა კანდიდატის განხილვის დროსაც ისმოდა. თავის მხრივ, ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს ახალ ბრალდებებს უყენებს.
ვანო ზარდიაშვილის გარდა ეკა ბესელიამ ბრალდებები სხვა ყოფილ თანაგუნდელებსაც წაუყენა. ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას და თამარ ჩუგოშვილს 5 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მოსთხოვა. უარს მოჰყვა მუქარა, შემდეგ კი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება.
თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ნამდვილად შედგა, თუმცა მოსამართლეების დანიშვნის მოთხოვნის ფაქტს ვერ იხსენებს.
ვანო ზარდიაშვილი დღეს პარლამენტში არ გამოჩენილა. დეპუტატმა პოზიცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა პოსტი მისი ფეისბუქ გვერდიდან მალევე გაქრა.
მმართველი გუნდი გუშინდელ ინციდენტს ვანო ზარდიაშვილზე ძალადობად აფასებს. “ქართული ოცნება“ ეთიკის საბჭოს რეაგირებისკენ მოუწოდებს და ბესელიას დასჯას ითხოვს. ქცევის წესის დარღვევის დადგენის შემთხვევაში არაა გამორიცხული, ბესელიას ხელფასიდან თანხა დაექვითოს.
"ქართული ოცნებისთვის" მოძალადე ეკა ბესელია ოპოზიციისთვის მსხვერპლია. ეთიკის საბჭოს ნაცვლად დეპუტატები საკითხის გენდერულ საბჭოში განხილვას ითხოვენ.
ეკა ბესელიას სოლიდარობა ელენე ხოშტარიამ გამოუცხადა აქციაზე, რომელიც ქალთა უფლებების დამცველებმა პარლამენტთან ბესელიას მხარდასაჭერად გამართეს.