შეწყალების სკანდალში სალომე ზურაბიშვილის ბრალეულობის დასადგენად ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, პროკურატურამ ვერცერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა და პროცესები საზოგადოებისთვის გაუმჭირვალეა. ოპოზიცია გონივრულ ვადას აძლევს ხელისუფლებას სკანდალური საქმის გამოსაძიებლად.
"ჩვენ ვაძლევთ გონივრულ ვადას პროკურატურას. თუ ვნახავთ რომ უწყება არ იძიებს, ეს გამოჩნდება მალე და თუ ხელისუფლება გარეულია, როგორც სხვა შემთხვევაში გამოძიება გაჭიანურდება, რის შემდეგაც დადგება საკითხი საგამოძიებო კომისისს შექმნის,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის შემქნის მოთხოვნით, ოპოზიცია პროცესების პოლიტიკურ ასპექტში გადატანას ცდილობს.
"ის ხალხი როდესაც ითხოვს კომისიის შექმნას, ვისი პრეზიდენტიც ასეულობით იწყალებდა საგანგებოდ მძიმე დანაშაულებებში გასამართლებულებს, ე.ი პოლიტიკური ასპექტი უფრო მეტია მოთხოვნაში,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.