09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ხმელთაშუა ზღვაში 700-მდე ადამიანი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში არალეგალებით სავსე კიდევ ერთი გემი ამოყირავდა. წინასწარი ინფორმაციით ბორტზე 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა და მათი უმეტესობა დაღუპულია.

უბედური შემთხვევა ლიბიის სანაპიროებთან, იტალიის კუნძულ ლამპედუზადან 200 კილომეტრში მოხდა.

მაშველებმა ამ დროისთვის მხოლოდ 28 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ოპერაციაში იტალიისა და მალტის სამაშველო ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტრაგედიის მიზეზი ბორტზე მყოფი ხალხის დაუდევრობა გახდა.

გემი იმ დროს ამობრუნდა, როდესაც არალეგალებმა ზღვაში სატვირთო გემი დაინახეს და ბორტის ერთ მხარეს შეიკრიბნენ. მაშველების თქმით, ხალხის გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია და თუ მონაცემები დადასტურდება, ეს იქნება ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური საზღვაო კატასტროფა.

ანალოგიური შემთხვევა ხმელთაშუა ზღვაში 4 დღის წინაც მოხდა, მაშინ ჩაძირულ ბორანზე მყოფი 400 არალეგალიდან მხოლოდ 150–ის გადარჩენა მოხერხდა.

 

 

 

დღის ამბები