ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი გარჩევისას დაჭრილი ლევან ძნელაძის მეუღლე პრემიერ-მინისტრს მიმართავს. მარიკა წერეთლის განცხადებით, მის მეუღლეზე თავდამსხმელებს ხელისუფლებაში გავლენიანი მფარველები ჰყავთ, რის გამოც შესაძლოა სასჯელს თავი აარიდონ. წერეთლის განმარტებით მიუხედავად ვიდეო ჩანაწერების არსებობისა, საქმეზე არავის დაუკავებიათ.
უახლესი დადასტურებული ინფორმაციით, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, ეს ეხება იმ ადამიანებს, ვისაც მარიკა წერეთელი და მისი მეუღლე ლევან ძნელაძე უნდა შეხვედროდნენ საქმესთან დაკავშირებით და რომლებიც ამ შეხვედრაზე არ მივიდნენ, მათ ნაცვლად კი იქ აღმოჩნდნენ პირები, რომლებიც შემდეგ მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ცნობილი ხდება მთავარი მოქმედი პირი, რომელზეც მარიკა წერეთელიც ღიად აცხადებს, რომ ეჭვი აქვს, ეს ლაშა გულიაშვილია. სწორედ ეს პიროვნება იყო ერთ-ერთი, რომელსაც მოლაპარაკება ჰქონდა ქონებასთან დაკავშირებით მარიკა წერეთელთან. ის ჩანს კადრებშიც, ასევე კადრებში ჩანს, რომ ეს ადამიანი, როგორც თავად მარიკა წერეთელი ამბობს, საბოლოოდ მის მეუღლეს ლევან ძნელაძეს ფეხს ურტყამს.
საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი. საუბარია კომპანიის მეორე ხელმძღვანელზე. ეს არის კომპანიის დირექტორი მალხაზ მირცხულავა. მარიკა წერეთელი აცხადებს, რომ მალხაზ მირცხულავასთან ამ ეტაპზე პრეტენზიები არ აქვს.
რაც შეეხება დამნაშავეების შესაძლო მფარველობას. მარიკა წერეთელმა არ გამორიცხა, რომ მფარველებს შორის შესაძლოა იყვნენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირებიც.
"ბატონო პრემიერო, საქართველო ძალიან მომრავლდა სიტყვა ჩიტები და ჩიტისგან მოტანილი ამბები, ამას ბევრი ვაჟკაცი ჟურნალისტიც ხმარობს და მეც მყავს ჩემი ჩიტები, ასე აღმოჩნდა. თურმე კრიშა ჰყავთ ამ ადამიანებს. იცით რა არის, მე ვერ ვიტყვი, მაგრამ ფიქსირდება ორივე მხარე. როგორც გაირკვა და ისევ იმ ჩიტმა მითხრა, იყვნენ საბურთალოს შტაბის დამხმარე ზონდერ-ბრიგადების, რასაც ეძახიან, არჩევნების პერიოდში. ვერ მოგვეკარა ვერავინ იმიტომ, რომ ვინც კი მოვიდოდა პოტენციური მკვლელები იყვნენ და თქვენ ნახეთ რა სიტუაციაშიც ვიყავი, მაგრამ იქ ისეთი ლავირება მოახდინეს ამ ადამიანებმა და ისე გავიდნენ, რომ უკვე ეჭვიც აღარ მეპარება, რომ ისინი ზონდერ ბრიგადები არიან და მე მაგათ ვანახებ ზონდერ ბრიგადობას," - განაცხადა მარიკა წერეთელმა.
ლევან ძნელაძის მეუღლეს, მარიკა წერეთელს კითხვა უჩნდება თუ როგორ მოახერხეს ჩხუბში მონაწილე ადამიანებმა ტერიტორიის ისე დატოვება, რომ დღემდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.