21 დეკემბერი 2024,   19:12
ვრცლად
"კანონს თავზე ახევთ საზოგადოებას" - ხმაური და დაპირისპირება ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელში

ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელში ხმაური იყო. უკვე 23-ე დღეა, დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით სამინისტროს შენობაში აქციას მართავენ. დევნილებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დღეს რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. ერთ-ერთი დაპირისპირება სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან დევნილებისთვის საჭირო ინვენტარის შეტანის აკრძალვამ გამოიწვია. 

მეორე დაპირისპირება  უკვე ადგილზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის მისვლის შემდეგ, მოხდა. დაპირისპირების მიზეზი კი დისკი გახდა, რომელიც დევნილებმა "კურიერს“ გადასცეს.

საუბარია აუდიო ფაილზე, სადაც დევნილების მტკიცებით, არსებობს ჩანაწერი, როგორ უმარტავს სამინისტროში დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესარიონ  სიმონიშვილი ბენეფიციარებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ როგორ უნდა მიიღონ მათთვის კუთვნილი ბინები. 

დევნილები მინისტრის მოადგილისგან ითხოვდნენ, დისკის მოსმენა საჯაროდ, კამერების წინ მომხდარიყო, თუმცა მინისტრის მოადგილემ დისკთან და ჩანაწერთან დაკავშირებით საუბრის გაგრძელება არ ისურვა.  

ადგილზე იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო შენგელია, რომელმაც გიორგი წოწკოლაურს დოკუმენტი წარუდგინა, სადაც განმარტებული იყო, რომ სახელმწიფო ვალდებულია დევნილები თავშესაფრით უზრუნველყოს. 

"აქ წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დევნილები თავშესაფრით. თქვენ ამ კანონს თავზე ახევთ საზოგადოებას. პასუხს აგებთ ამაზე, თორემ მე დაგახევთ თავზე ამ კანონს“ - მიმართა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  ბესო შენგელიამ მინისტრის მოადგილეს.

დღის ამბები