18 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
საიამ 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თხოვნით სასამართლოს მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თხოვნით სასამართლოს მიმართა. 

საიამ 16 პირის სახელით პროკურორის იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც 20-21 ივნისს დაზარალებულ პირებს სტატუსი არ მიენიჭათ.

საიას ცნობით, 20-21 ივნისის საქმეზე გენერალურ პროკურატურას ჯერ კიდევ 2019 წლის 19 სექტემბერს მიმართეს, რათა აქციაზე დაზარალებული 16 პირისათვის (მათ შორის 8 ჟურნალისტი) დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინათ. პროკურორმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს. ზემდგომმა პროკურორმა ასევე არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

პროკურატურის განმარტებით, ამ დროისათვის არ არსებობს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი. საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა უკანონო და დაუსაბუთებელია.

როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის მსხვერპლს მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის, სისხლის სამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის, ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევა, თუ იგი  დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით სარგებლობს. შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის საწყის ეტაპზევე მინიჭებას დაზარალებულის უფლებების დასაცავად არსებითი მნიშვნელობა აქვს.

სასამართლომ საჩივარი 15 დღეში უნდა განიხილოს.

დღის ამბები